დღეს მოვამზადებთ უგემრიელეს სამარხვო კერეძს, ბადრიჯანს პომიდვრით და ნიგვზით, მჭადთან ერთად.
ბადრიჯნის კერძისთვის დაგჭირდებათ:
ბადრიჯანი-1 კგ
ხახვი-1 თავი
ნიორი-4 კბილი
ნიგოზი-300 გრ
პომიდორი- 4-5 ცალი მოზრდილი
ქინძი
ოხრახუში
მარილი
დაღერღილი წითელი წიწაკა
მჭადისთვის დაგჭირდებათ:
უმაღლესი ხარისხის მჭადის ფქვილი
წყალი
პირველ რიგში გარეცხილ ბადრიჯანს მოაჭერით თავი და ბოლო, გათალეთ სურვილის მიხედვით და დაჭერით მოგრძო ფორმებად. მოაყარეთ მარილი, კარგად გადაანაწილეთ და გააჩერეთ დაახლოებით 15 წუთი
ამასობაში მოამზადეთ სხვა ინგრედიენტები. გაასუფთავეთ ხახვი და დაჭერით წვრილად. გახეხეთ ან დაჭყლიტეთ ნივრის საჭყლეტით ნიორი და გაატარეთ ნიგოზი წვრილად.
დროის გასვლის შემდეგ გაწურეთ ბადრიჯანი, უნდა გამოუვიდეს წვენი, ეცადეთ რომ ძალიან არ დაუკარგოთ ფორმა გაწურვის პროცესში.
პომიდორს დაუსერეთ თავი და დაასხით მდუღარე წყალი, იმისთვის, რომ კანი მარტივად გაეცალოს. გააჩერეთ 1-2 წუთი შემდეგ კი გადაიტანეთ თასში და გააცალეთ კანი, ბოლოს გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
გახურებულ ტაფაზე დაასხით ზეთი, დაალაგეთ თითო თითო ნაჭერი ბადრიჯანი და დაბრაწეთ საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან, როდესაც ბადრიჯანი შეიწვება გადაიტანეთ სამზარეულოს ხელსახოცზე, იმისთვის, რომ შეიწოვოს ზედმეტი ზეთი. გაიმეორეთ პროცესი მანამ, სანამ ბადრიჯანი არ გათავდება.
ამასობაში შეგიძლიათ დაიწყოთ პომიდვრის მასის მომზადება. გახურებულ ტაფაზე დაასხით ზეთი და მოთუშეთ ხახვი გაოქროსფრეფამდე, დაამატეთ ნიორი და გახეხილი პომიდორი.
ადუღეთ მასა, მანამ სანამ პომიდორი არ ამოიშრობს ზედმეტ წყალს და არ შესქელდება. როდესაც მასა გასქელდება, დაამატეთ მარილი, წითელი წიწაკა და ნიგოზი. კარგად მოურიეთ და გააჩერეთ ცეცხლზე 1-2 წუთი.
ამასობაში დაჭერით ოხრახუში და ქინძი წვრილად, დაამატეთ პომიდვრის და ნიგვზის მასას კიდევ კარგად მოურიეთ და ისევ გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 1-2 წუთით.
ბადრიჯანი დაძენძეთ, შემდეგ კი დაამატეთ პომიდვრის და ნიგვზის მასა. კარგად გადაურიეთ და გააჩერეთ 5-10 წუთი, იმისთვის, რომ გემოები კარგად გაუჯდეს.
იმერული მჭადის მოსამზადებლად დაგჭირდებათ, მხოლოდ მაღალი ხარისხის მჭადის ფქვილი და წყალი. ვზელთ საშუალო სისქის ცომს. იმისთვის, რომ გამოგივიდეთ იდეალური მჭადი, სასურველია, რომ ზილოთ 5-7 წუთი.
გახურებულ ტაფაზე დააკარით სასურველი სისქის მჭადი, შემდეგ კი დაახურეთ ტაფას თავსახური. როდესაც ქვედა მხარე მოებრაწება ამოატრიალეთ და დაუბრაწეთ მეორე მხარე.
უგემრიელესი სამარხო კერძიც მზად არის
გემრიელად მიირთვით